უახლესი კვლევა - ნარკოპოლიტიკის გავლენა ნემსებისა და შპრიცების პროგრამაზე და სერვისების მიწოდების სტრუქტურული ბარიერები

კახა კვაშილავა 

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“

თბილისი, 2023

 


წინამდებარე კვლევის საგანია შეფასდეს არსებული ნარკოპოლიტიკის გავლენა ნემსებისა და შპრიცების პროგრამაზე, მათ შორის საველე და მობილური ინტერვენციების განხორციელების დროს. ასევე კვლევის საგანი იქნება ნარკოტკების ინექციური მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდების სტრუქტურული ბარიერების იდენტიფიცირება. 

საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების კატეგორიას, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, უპირატესობას ენიჭება დასჯაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ასეთ პირობებში  კვლევის მიზანს წარმოადგენს დადგინდეს სადამსჯელო კანონები, პოლიტიკა და მიდგომები რამდენად გვაშორებს ადამიანებს ჯანდაცვის სერვისებისგან, რამდენად ახდენს გავლენას პოლიციის საქმიანობის მანკიერი პრაქტიკა  ნარკოტიკების მომხმარებლების მიერ მათთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე. 

ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზების პირობებში უკანონო პრაქტიკად უნდა იქნეს მიჩნეული ნარკოტიკების მომხმარებლების შევიწროება, თვითნებურ დაკავება, უკანონო ჩხრეკა, ძალადობა, თანამშრომლობის იძულება, ზიანის შემცირების სერვისცენტრთან პოლიციელების თვალთვალი, პოლიციის მიერ სერვის ცენტრის და მობილური ამბულატორიის საქმიანობით დაინტერესება, სერვისცენტრიდან ან მობილური ამბულატორიიდან გასული ბენეფიციარისთვის ადევნება, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარებ სერვის ცენტრში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აუთრიჩის დროს სოცმუშაკის თვალთვალი, მისი საქმიანობით დაინტერესება, ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და ა.შ. 

ბევრი ადამიანისთვის, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, ზიანის შემცირება არის პირველი ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ ისაუბრონ ნარკოტიკების მოხმარებაზე და მიიღონ საჭირო მხარდაჭერა. მათი საჭიროებები სცილდება სუფთა შპრიცებს ან აივ ტესტირებას, ის მოიცავს ზედოზირების პრევენციას, სწავლებას უსაფრთხო მოხმარებაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე რეაგირებას და დახმარებას რთულ სიტუაციებში. ნარკოტიკების მომხმარებელთა საზოგადოების ნდობით და მათ წინაშე არსებული საჭიროებებისა და ბარიერების ღრმა გაგებით, ზიანის შემცირების პროგრამები იდეალური ადგილია ყველა სახის სერვისის უზრუნველსაყოფად ან კლიენტების სანდო გარე რეფერირებისთვის.  

ზემოთაღნიშნული სადამსჯელო პოლიტიკის ფორმები პირდაპირ ძირს უთხრის აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის ძალისხმევას. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აივ-ის გადაცემის რისკი დაკავშირებულია არა მხოლოდ არასტერილური საინექციო აღჭურვილობის გამოყენებასთან, არამედ პოლიტიკასთან, პრაქტიკასთან და დამოკიდებულებებთან, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკებს, მიიღონ მომსახურება. მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების შევიწროება ზრდის ნემსებისა და შპრიცების გაზიარების ალბათობას და ხელს უშლის ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ, მოიძიონ ზიანის შემცირების სერვისები ან სხვა სამედიცინო დაწესებულებები. 

 სამართალდამცავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აივ პრევენციაში, რადგან ისინი მუშაობის პროცესში უშუალოდ ურთიერთობენ ინფექციის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებთან. ამ პოპულაციებში ეფექტური პრევენციულმა ინტერვენციებმა შეიძლება შეაჩეროს აივ ინფექციის შემდგომი გავრცელება და მნიშვნელოვნად შეამციროს ეპიდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნები მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული  ინექციური ნარკომომხმარებლების აივ ინფექციის პრევენციის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიმართულებით. თუმცა, კიდევ არსებობს გარკვეული სამართლებრივი და პოლიტიკური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების გატარება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებში.

შიდსის გლობალური სტრატეგია მოუწოდებს ქვეყნებს მკვეთრად გაზარდონ ზიანის შემცირება, რათა უზრუნველყონ, რომ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი ადამიანების 90%-ს ჰქონდეს წვდომა ზიანის შემცირების სერვისებზე (იხ. ჩანართი 1). შიდსის გლობალური სტრატეგია, გლობალური ფონდის სტრატეგია და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული 2021 წლის პოლიტიკური დეკლარაცია აივ და შიდსის შესახებ ხაზს უსვამს კანონებისა და პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობას აივ სერვისების ეფექტური მიწოდებისთვის.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა  ზიანის შემცირების სერვისცენტრების თანამშრომლების და ბენეფიციარების ჩართულობით საქართველოს რვა   ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი, რუსთავი და ოზურგეთი). კვლევის ფარგლებში შემუშავდა კითხვარი, რომლის მიხედვითაც  ჩატარდა ინტერვიუები. ინტერვიუსთვის რესპონდენტებად შერჩეული იქნენ ცენტრების ხელმძღვანელები, სოციალური მუშაკები, მობილური ამბულატორიის პერსონალი და ბენეფიციარები.   

 კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართული ადამიანის უფლებების დოკუმენტირების, რეაგირების და მონიტორინგის სისტემის (React) რეაქტორები. კვლევის მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 48 რესპონდენტს. მათი გამოკითხვა ტარდებოდა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.  

შედეგები:

რესპოდენტების 20% უთითებს, რომ ზიანის შემცირების სერვისცენტრთან პოლიციელების თვალთვალი ბოლო ერთი წლის მანძილზე არ შეუნიშნავთ, თუმცა იყო ცენტრიდან გასული ბენფიციარის უსაფუძვლო ჩხრეკის რამოდენიმე შემთხვევა.
კვლევის ფარგლებში არ  გამოვლენილა ბოლო 3 წლის განმავლობაში პოლიციელების მიერ სერვისცენტრების საქმიანობით დაინტერესების ფაქტები, განსხვავებით წინა წლებისგან. გამოკითხულთა 24% ადასტურებს სერვისცენტრიდან გასული ბენეფიციარისთვის პოლიციის თანამშრომლის ადევნების ფაქტს. სერვის ცენტრში ან მის მიმდებარედ ბენეფიციარი დაკავების მხოლოდ 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 
2023 წლის იანვროდან დღემდე დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარს პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოართვეს სახარჯი მასალები და ნალოქსონის ამპულა მიიჩნიეს საეჭვოდ, რის გამოც ბენეფიციარები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.  ორივე შემთხვევაში პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ ზიანის შემცირების სერვისცენტრის ხელმძღვანელს და როდესაც მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გაანთავისუფლეს ისინი. ორივე შემთვევაში პოლიციელების მიერ  საეჭვოდ იქნა მიჩნეული  პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც ზიანის შემცირების ბენეფიციარებს გადაეცემათ ზედოზირების პრევენციისთვის.  პრეპარატს ჰქონდა ჩინური წარწერები, შესაბამისად  პოლიციის თანამშრომელმა ვერ შეძლო მისი წაკითხვა. წინა წლებში პრეპარატს დასახელება ეწერა ინგლისურ ენაზე, შესაბამისად მისი წაკითხვა შესაძლებელი იყო. 
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ   უმეტესად ზედოზირების შემთხვევებში (ბენეფიცარების გადმოცემით) იყენებენ ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში დარიგებული ნალოქსონს. ბენეფიციარების განმარტებით ზედოზირების დროს სასწრაფო დახმარებაში არ რეკავენ, ვინაიდან პოლიცია მოყვება სასწრაფო დახმარების მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის შეტობინების ვალდებულება ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონას არ აქვს. ამის მიზეზად ბენეფიციარები უთითითებენ 112 -ს ცენტრალიზებულ სისტემაზე.
გამოკითხული ბენეფიცარების გამარტებით ზიანის შემცირების სერვისცენტრში მოუსვლელობის და სერვისის არმიღების მიზეზად   პოლიციის მიერ მათი დევნა არ სახელდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარების კრიმინალიზების პირობებში რისკის შემცველი ნამდვილად არის. 
საველე მუშაობისას პოლიციის თვალთვალის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ასევე საველე პირობებში  სერვისის მისაღებად  მისული ბენეფიციარის დაკავების/ან რაიმე სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩაეტარებას ადგილი არ ჰქონია. 
ასევე არ ყოფილა შემთხვევა მობილური ამბულატორიისთვის აეკრძალოთ კონკრეტულ ლოკაციაზე დგომა. მობულური ამბულატორიის საქმიანობით პოლიცია დაინტერესების შემთხვევები იყო ამ სერვისის ზიანის შემცირების პროგრამაში ინტეგრირების დასაწყისში, თუმცა ბოლო წლებია მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა.
რესპონდენტების დამოკიდებულება მობილური ლაბორატორიების საქმიანობასთან მიმართებით არის პოზიტიური, თუმცა უთითებენ, რომ მომხმარებელთა თემის ინფორმირებულობა მობილური ლაბორატორიის მიმართ დაბალია. 
გამოკითხული ნარკოტიკების მომხმარებელი რესპონდენტები მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ზიანის შემცირების პროგრამებში სახარჯი მასალების ხარისხზე ყურადრების გამახვილებას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სახარჯი მასალების ხარისხი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. აღნიშნულს უთითებენ სერვისის მიღების ერთერთ ბარიერად.
გამოკითხული რესპოდენტების ნაწილი უთითებს სწრაფი ტესტის ხარისხზე, რომელიც ხშირ შემთვევაში ცდომილებას იძლევა. 
აღსანიშნავია, რომ პოლიცია არ დასახელებულა წამყვან შემაფერხებელ ფაქტორად ტესტირების ჩასატარებლად. 
გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სისტემატიური ხასიათი მიიღო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ბენეფიციარების სერვისცენტრის მიმდებარედ უკანონო ჩხრეკის/ დაკავების და  პოლიციაში გადაყვანის ფაქტებმა. 
მეთადონით პროგრამის ბენეფიციარები გამოხატავენ წუხილს  პრეპარატის ხელზე გატანის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ სერვისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ გამოწვევებს და რაც ყველაზე მთავარია, უთითებენ ჩამანაცვლებელი მედიკამენტის დაბალ ხარისხზე, რასთან დაკავშირებითაც არაერთხელ მიმართეს შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს თუმცა ყველა მათი კომუნაკაცია დასრულდა უშედეგოდ. 


მიგნებები


კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება პოლიციის სისტემის ნეგატიური ფორმით ჩარევა  უშუალოდ ზიანის შემცირების სერვისცენტრების საქმიანობაში თუმცა ცენტრებით მოსარგებლე ბენეფიციარების მიმართ  იკვეთება ადევნების, დაკავების და ჩხრეკის შემთხვევები.
მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარები, რომლებიც ამავდროულად არიან ზიანის შემცირების პროგრამით მოსარგებლეები, სერვისცენტრის გამოსვლის შემდეგ ხშირად ხდებიან პოლიციის მხრიდან დევნის ობიექტები. 
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟთან ერთად პოლიციაც მიდის.
ზიანის შემცირების სერვისცენტრებით მოსარგებლე ბენეფიციარები (ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი) არ არიან ჩართული სახარჯი მასალების შესყიდვის პროცესში, რის გამოც ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდებათ  მაღალი ხარისხის სახარჯი მასალები.  
ზიანის შემცირების პროგრამის შესახებ საზოგადოების  ინფორმირებულობის დაბალი დონე.
 
რეკომენდაციები

 

საჭიროა პოლიციის თანამშრომლების ცნობადობის გაზრდა ზიანის შემცირების პროგრამების შესახებ და მათი სენსიტიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელი თემის მიმართ:
ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირებისთვის ბარიერების მოხსნა. 
ზიანის შემცირების პროგრამების ბენეფიციარების ჩართვა სახარჯი მასალების შესყიდვის პროცესში და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.
ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის ჩართვა ჩამანაცვლებელი პრეპარატის შესყიდვის პროცესში და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ინტერნეტ რესურსების გამოყენებით ზიანის შემცირების პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციის გავრცელება; მუშაობა პოლიციასთან/ მედიასთან / ზოგად მოსახლეობასთან / ჯანდაცვის მუშაკებთან;


იხილეთ დოკუმენტი სრულად:

ნარკოპოლიტიკის გავლენა ნემსებისა და შპრიცების პროგრამაზე და სერვისების მიწოდების სტრუქტურული ბარიერები.pdf

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში ...

ინტეგრირებული სერვისების მიწოდება

ინტეგრირებული სერვისების მიწოდება...

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგ...

საქართველოს პროგრესი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი დაცვის მექანიზმები პრაქტიკაში

საქართველოს პროგრესი ქალთა მიმართ ძალადო...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2013

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

აივ ინფექცია ნარკოტიკების მომხმარებლებში

აივ ინფექცია ნარკოტიკების მომხმარებლებში...

წევრი ორგანიზაციები და გაწევრიანება

წევრი ორგანიზაციები და გაწევრიანება...

საქართველოში ნიმ კოჰორტული კვლევა C ჰეპატიტის ინციდენტობის განსაზღვრის მიზნით (2018-2023)

საქართველოში ნიმ კოჰორტული კვლევა C ჰეპა...

გახსენების, მოქმედების დროა – Time to act, time to remember

გახსენების, მოქმედების დროა – Time to ac...