COVID 19-ის გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების წინაშე. საზოგადოების ამ დისკრიმინირებული, სტიგმატიზირებული ჯგუფებითვის ჯანდაცვის და სოციალურ მომსახურებებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის ხარისხი ისედაც დაბალია, ხოლო პანდემიის პირობებში კი პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. სიტუაციიდან გამომდინარე ინტეგრირებული სერვისების მიწოდება ამ ჯგუფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და მისი წევრი ორგანიზაციები ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებსა და მათ სქესობრივ პარტნიორებს მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთ უფასო სერვისს სთავაზობს. ხოლო 2021 წლის სექტემბრდან ორგანიზაციები,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ სახელმწიფო პროგრამის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის“ კომპონენტში ჩაერთნენ.
,აღნიშნული სერვისის ინტეგრირებას სხვა სერვისებთან ბევრი დადებითი მხარე გააჩნია. მაგალითად, თუ ადამიანი ზიანის შემცირების ცენტრებს აკითხავს შპრიცებისთვის ან კონსულტაციისთვის და მას COVID-19-ისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღენიშნება, ჩვენ უფასო სწრაფ COVID 19 ანტიგენ ტესტირებას ვთავაზობთ. ერთი ფანჯრის პრინციპი ჩვენი ბენეფიციარებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ეს მათი ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კეთდება. ბევრი მადლიერი პაციენტი გვყავს- და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ბენეფიტი არის ის, რომ ამ საქმიანობისთვის ორგანიზაციებს სახელმწიფოსგან მცირე დაფინანსება გააჩნიათ. ეს ტრანზიციის პერიოდში მომუშავე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ასევე თამამშროლმებისთვის ერთგვარი სტიმულია და მოტივაციას უზრდის, რომ უფრო მეტი გააკეთონ. ინტეგრირებული სერვისის დანერგვამ დიდი როლი ითამაშა, როგორც ორგანიზაციის, ასევე ზიანის შემცირების სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდაში“ მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, პროგრამების დირექტორი.
„ნაბიჯი მომავლისკენ“ გორის ცენტრში ზიანის შემცირების სერვისებს 2022 წლის იანვრიდან დაემატა COVID-19 -ის სწრაფი, მარტივი ანტიგენით ტესტირება. აღნიშნული სერვისი ინტეგრირდა სხვა სერვისებთან და ზოგად მოსახლეობასსთან ერთად მიეწოდება ძირითად სამიზნე ჯგუფს: ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებსა და მათ სქესობრივ პარტნიორებს. COVID19-ის პანდემიის პერიოდში ამ სერვისის ინტეგრირებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, რადგან მან საშუალება მისცა ორგანიზაციის ბენეფიციარებს სკრინინგისთვის მივიდნენ მათთვის ნაცნობ და მეგობრულ გარემოში და მიიღონ მეტი ინფორმაცია COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მართვის შესახებ. ასევე ეს არის დამატებითი საშუალება ბენეფიციარებთან ვაქცინაციის სიკეთეებზე და აუცილებლობაზე სასაუბროდ. ინტეგრირებულ სერვისის განხორციელებას აქვს გარკვეული გამოწვევები, რადგან საჭიროა პერსონალის სამუშაო დაკავებულობის გაზრდა და უფრო მეტი საპრევენციო ღონისძიებების გატარება საოფისე სივრცეში, მაგრამ სწორი მართვის პირობებში გამოწვევები დაძლევადია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სერვისმა ხელი შეუწყო ბენეფიციარების მოზიდვას, ვისთვისაც საჭიროა კოვიდის სკრინინგი, ისინი საჭიროებისამებრ იღებენ სხვა სასიცოცხლოდ მბნიშვნელოვან ზიანის შემცირების სერვისებსაც. ამგვარად 2 თვიან პერიოდში კოვიდის სკრინინგის საშუალებით მოხდა დამატებით 50-მდე რისკ ჯგუფის წარმომადგენელის მოზიდვა და ჩართვა პროგრამაში. ამ სერვისის დანერგვამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, როგორც ორგანიზაციის, ასევე ზიანის შემცირების სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდაში, რაც უდავოდ მისასალმებელია და ორგანიზაცია აპირებს სხვა სამედიცინო სერვისების ინტეგრირებას სამომავლოდ. ქეთევან ბიძინაშვილი, „ნაბიჯი მომავლისკენ“ , ხელმძღვანელი
,,ასოციაცია „ქსენონი“, სამეგრელოს რეგიონში წლებია ახორციელებს აივ პრევენციულ და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამებს სხვადასხვა რისკის ჯგუფებისთვის.
2021 წლის სექტემბრდან კი ორგანიზაცია ჩაერთო ”ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ სახელმწიფო პროგრამის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის“ კომპონენტში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სიმპტომების არსებობის შემთხვვაში, ჩაიტაროს უფასო სწრაფი COVID 19 ანტიგენ ტესტირება; ასევე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისები ორგანიზაციის ოფისსა, თუ სამეგრელოს სხვადასხვა ლოკაციებზე (მობილური ამბულატორიის გამოყენებით). მოქალაქეები კონსულტაციებისა და თემატური საინფორმაციო მასალების დახმარებით ასევე იღებენ ინფორმაციას COVID-19-ის პრევენციის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხებზე; საჭიროების შემთხვევაში კი რეფერირდებიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 7 თვის მანძილზე, ორგანიზაციის მიერ ჩატარდა 1900-ზე მეტი სწრაფი ტესტირება. COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ინფრომირებულია ბევრად მეტი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ ხელი შეუწყო ასოციაცია „ქსენონის“ ჯანდაცვის სხვა პროგრამების მუშაობასაც, რაზეც მეტყველებს „ქსენონის“ ბაზაზე მოქმედი ზიანის შემცირების ცენტრსა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში მომართვიანობა/ჩართულობის გაზრდილი მაჩვენელი.ნინო ჯანაშია-ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი
,,სერვისების ინტეგრირება ყოველთვის დადებით გავლენას ახდენს მოცვის თვალსაზრისით. კოვიდ პანდემიის დასაწყისში, როდესაც რეგულაციებიდან გამომდინარე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სერვის ცენტრში ბენეფიციართა მოდინება საგრძნობლად შემცირდა. აღნიშნული გამოწვევის გადალახვა მოხერხდა მობილური ამბულატორიის საშუალებით. ბენეფიციარებს სერვისი მიეწოდებოდათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე. ზიანის შემცირების პირდაპირი დანიშნულებაა აივ/შიდსის პრევენცია და სკრინინგის საშუალებით ადრეული დიაგნოსტიკა. კოვიდ პანდემიამდე, ბენეფიციარებში აივ ინფექციაზე ტესტირების მოტივაცია გაზარდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ. საზოგადოებასა თუ რისკ ჯგუფებში მასიურად დაიწყეს C ჰეპატიტზე სკრინინგი და შეთავაზებისას აივ ტესტირებასაც თანხმდებოდნენ. იგივე ეფექტი მოახდინა „ახალი ვექტორის“ სერვის ცენტრის ჩართვამ კოვიდ ტესტირების პროცესში. საშუალოდ, თვის განმავლობაში, ორგანიზაცია ემსახურება 500-700 ბენეფიციარს და ატარებს 200-300 ტესტირებას. კოვიდ ტესტირებამ, სერვის ცენტრს მისცა იმის საშუალება, რომ აღნიშნული მონაცემები შენარჩუნებულიყო. ინტეგრირებული სერვისების შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ორგანიზაციის ცნობადობა ზოგად პოპულაციაში. ოფისის მიმდებარედ ხშირად იდგა ადამიანთა რიგი, რომელთაც სურდათ კოვიდ ტესტირება და მათი გარკვეული ნაწილი იმავდროულად იტარებდა კვლევას აივ/შიდსსა და C ჰეპატიტზე.“ ლაშა აბესაძე, ,,ახალი ვექტორის“ წარმომადგენელი.