საქართველოში ძალადობისა და სტიგმის თუ დისკრიმინაციის მხრივ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები არსებობენ. ზოგადად ქალების მიმართ ძალადობის კუთხით მდგომარეობა მძიმეა და ამაზე მეტყველებს არაერთი კვლევა, ანგარიში თუ სხვა წყარო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალების პოპულაციის შიგნითაც არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი და მათ შორის არიან სექს-მუშაკი და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალები. ამის ერთ-ერთი მიზეზია მათი ცხოვრების წესის, საქმიანობისა თუ დამოკიდებულების პრობლემის არსებობის გამო მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება.
საქართველოში ქალი ნარკოტიკების მომხმარებლები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და სტიგმატიზებული ჯგუფია. მათი სერვისებში ჩართვის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, სტიგმა და დისკრიმინაცია. ძლიერი სოციალური სტიგმა და მადისკრიმინირებელი დამოკიდებულება მომხმარებელ ქალთა მიმართ, რომელსაც თვითსტიგმატიზაციაც ემატება, ერთიანობაში აყალიბებს ძლიერ ხელის შემშლელ ფაქტორს და ქალებს წარმოადგენს ორმაგად სტიგმატიზებულს, რაც განაპირობებს მათთვის საჭირო სერვისებში (წამალდამოკიდებულების მკურნალობა, ზიანის შემცირება) მათ ნაკლებ ჩართულობას.
დღეისათვის საქართველოში არსებულ ზიანის შემცირების სერვისებში, კერძოდ კი შპრიცებისა და ნემსების პროგრამაში ჩართული ქალების რაოდენობა არ აღემატება საერთო ბენეფიციართა 12%-ს, ხოლო წამალდამოკიდებულების (მედიკამენტით მხარდამჭერ და დეტოქსიკაციურ) მკურნალობაში - პაციენტთა საერთო რაოდენობის 2%-ს (Bergen-Cico et al. 2016).
საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების, სტიგმის და არა ტოლერანტული დამოკიდებულების გამო, ნარკოტიკების მომხმარებელი / სექს მუშაკი / სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალი მანკიერი წრის მსხვერპლი ხდება და ორმაგად არის მოწყვლადი დისკრიმინაციისა და ძალადობისადმი. ამას ემატება მკაცრი ნარკოპოლიტიკა, ქალი ნარკომომხმარებლების შემთხვევაში, რომელიც მათ ხშირად პოლიციის მხრიდან ძალადობის და უხეში მოპყრობის მსხვერპლად აქცევს.
იკვეთება გენდერული დისკრიმინაცია და ძალადობა, რომელიც არ აძლევს ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს საშუალებას, მიმართონ მათთვის საჭირო სერვისებს;
საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისთვის სერვისები არ არის გენდერულად სენსიტიური. რიგ შემთხვევებში იგი დამაკნინებელია, გარემო არამეგობრულია და არ არის დაცული კონფიდენციალობა.
მწვავეა კონფიდენციალობის საკითხი ისეთი სამედიცინო სერვისების მიღებისას, როგორიცაა წამალდამოკიდებულების მკურნალობა, ტუბერკულოზის ან აივ ინფექციის მკურნალობა.
ხშირად ქალი არაპროფესიონალური რჩევის თუ ჩარევის მსხვერპლი ხდება, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარების გამო ორსულობის შეწყვეტის რჩევა, ნეონატალური აბსტინენციური სინდრომის იდენფიცირების არცოდნა და, შესაბამისად, ახალშობილში მისი მართვის დეფიტი.
- მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ მეტი მიზანმიმართული სამუშაოების განხორციელება მოწყვლადი ქალების გასაძლიერებლად (საგანმანათლებლო შეხვედრები, საინფორმაციო მასალები, პირისპირ კონსულტაციები).
- მნიშვნელოვანია კომუნიკაცია სამართალდამცავ სტრუქტურებთან (რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა) და მათი ინფორმირება იმ პრობლემებსა და რეალობაზე, რომლის წინაშეც სექს-ბიზნესში ჩართული და ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები იმყოფებიან. ამან შესაძლებელია ხელი შეუწყოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში ორმხრივ ჩართულობას.
- მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებთან მუშაობა სტიგმა-დისკრიმინაციის შემცირების, პროფესიული ეთიკისა და პაციენტის უფლებების შესახებ ცოდნის დონის ამაღლების მიზნით.
- აუცილებელია არა მხოლოდ სამედიცინო და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან მუშაობა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან დაკავშირებული ფაქტების წამოწევის მიზნით, არამედ რელევანტური სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ტოლერანტობისა და პროფესიული ეთიკის შესახებ მეტი აქცენტების დასმა და/ან ინტეგრირება.
მოწყვლადი ქალები ყოველდღიურად ცხოვრობენ ორმაგი სტიგმით მოცულ რეალობაში.
გადადგი ნაბიჯი გაიგე მეტი, მოწყვლად ქალებზე და ებრძოლე ორმაგ სტიგმას!
დამატებითი იფნრომაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი კვლევა - http://femicide.ge/res/docs/stigma.pdf
#სოციალურიკამპანია #არადისკრიმინაციას #ებრძოლე სტიგმას #REACT #SOS_Project