„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებით გარდაცვალების რიცხვი შეფაშფოთებელია“ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც სურათის შეცვლა შეუძლია

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასა და ნარკომომხმარებლების საჭიროებებზე საუბრის მიღმა, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ემიგრანტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში, ქართულ თემს  წარმოადგენენ და პრობლემურ მოხმარებაზე ინფორმაციის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვან სერვისებში ჩართვას საჭიროებენ.

ამ სტატიაში „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი, მაკა გოგია საუბრობს, რომელმაც ამავე სფეროში, თითქმის 14  წლიანი გამოცდილება შეიძინა და ამჟამად პარალელურ საქმიანობას ამერიკაში, კერძოდ კი, ნიუ-იორკის შტატში აგრძელებს.

როგორც იგი თავად გვიყვება, ბოლო 8 თვის განმავლობაში, ნიუ-იორკის შტატში ცხოვრებისას, ქალაქ ნიუ-იორკში, ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, მოწყვლად, მაღალი რისკის ჯგუფებთან შეხვედრები გამართა, რის საფუძველზეც,  ქართველი მომხმარებლების წინაშე არსებული პრობლემები და საგანგაშო ტენდენცია გამოიკვეთა. 

  • ზიანის შემცირების პროგრამები და პრობლემები მიგრანტებში
 
„ამერიკაში ჩემი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ვიყავი წასული და ისე დაემთხვა, რომ სტაჟირების დროს, როცა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში ვმუშაობდი, ჩემს ყურს ყოველდღიურად ხვდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა, ქართველი ბიჭები ზედოზირებით მასობრივად იღუპებიან. 
აქ საუბარია ისეთ რაოდენობასა და მასშტაბზე, რასაც შემაშფოთებელ ტენდენციის სახე აქვს“, - გვიყვება მაკა გოგია.
მისი ინფორმაციით, ამავე ტენდენციაზე დაკვირვებისას, ირკვევა, რომ ამერიკის და განსაკუთრებით კი, ნიუ-იორკის შტატის ნარკოსცენაზე 87%-ის შემთხვევაში, ლეტალური შედეგები „ფენტალინის“ მოხმარების შედეგად დადგა.
გოგია ნივთიერების ტოქსიკურობას ხაზს უსვამს და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ოპიოიდებს შორის ძირითადად ჰეროინი ან დაბალი ხარისხის ჰეროინი ე.წ „სირეცია“ გავრცელებული, ამერიკაში ძირითადად „ფენტანილი“ ლიდერობს. „ფენტანილი“ ჰეროინზე 50-ჯერ ძლიერია, შედეგად კი, ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევებიც საკმაოდ მაღალია.
 
  • „ზალაზინი“ - მკვლელი ნივთიერება ნარკობაზარზე

„მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, ამერიკის ნარკობაზარზე მედიკამენტი ე.წ „ზალაზინი“ მძვინვარებს და ეს გახლავთ დიდი ცხოველების ტრანკვილიზატორი“, - გვეუბნება მაკა გოგია.

მისი თქმით, ეს პრეპარატი - „ზალაზინი“ შემადგენლობით ნარკოტიკი არაა, ესაა ძლიერი ანესთეტიკი და ხელმისაწვდომობა მასზე, როგორც სხვა მიგრანტებისთვის, ისე ქართველებისთვისაც მაღალია.

„აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ფერმერებისთვის გამზადებული ეს პრეპარატი ნარკორეალიზატორებს ბაზარზე ხშირად „ფენტანილთან“ შერეული „ზალაზინის“ სახით შემოაქვთ, გამზადებული ფორმით. წარმოიდგინეთ, რომ ოპერაციის შემთხვევაში, ამ პრეპარატით სპილოს აძინებენ.

პრინციპი კი იმაშია, რომ „ფენტალინს“, როგორც ძლიერ ოპიოიდსა და დამთრგუნველი საშუალებას, „ზალაზინმა“ მოქმედების ეფექტი და ხანგრძლივობა გაუძლიეროს. სინამდვილეში კი, ეს ლეტალური შედეგით სრულდება. 

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ არანაირი შეფასებითი კვლევა არ ტარდება, ძნელია კონკრეტული ციფრები წარმოვადგინო, რადგან იქ მიგრანტები დოკუმენტირებული არ არის, თუმცა, ქართველებში ამ პრეპარატით გარდაცვლილთა მაჩვენებელი, ძალიან მაღალია. 

რამდენადაც ჯანდაცვის სააგენტოს მიერ მიგრანტებში ნარკოტიკების მოხმარების პრობლემაზე კვლევები სპეფიციურად არ ტარდება, შესაბამისად მწირია ინფორმაცია სხვა დამატებითი ზიანის შესახებ. მაგ. ხდება თუ არა ნარკოტიკების ჯგუფურად თუ სხვა ფორმით მოხმარება“, - აღნიშნავს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი.

მაკა გოგიას ინფორმაციით, გარდაცვლილ ქართველებს შორის არიან, როგორც დამოკიდებულების მქონე, ისე დამწყები მომხმარებლები. 

„შევიტყე ისეთი შემთხვევების შესახებაც, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობის მიზნით ჩავიდნენ, ვერ დასაქმდნენ და გართობის ან სხვა მიზნებით, სიცოცხლე სწორედ ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ დაასრულეს. 

ვიცი შემთხვევაც, როცა ამ ზაფხულს მამასთან ჩამოსული მოზარდი, რომელმაც სკოლა იმ წელს დაამთავრა, შტატებში „ფენტალინის“ მიღების შემდეგ, ტრაგიკულად დაიღუპა“, - გვითხრა გოგიამ.

 

 

  • ინიციატივა და დასაქმების პერსპექტივა ქართველი მიგრანტებისთვის
 
სწორედ აქედან გამომდინარე, მას ინიციატივა გაუჩნდა, შტატებში ქართველ მომხმარებლებს ისეთ ალტერნატიულ სერვისებში ჩართვა შესთავაზოს, რომელიც მათ ზედოზირების რისკებს ააცილებს და ამასთან, სხვადასხვა ზიანი შემცირების სერვისებში ჩართვის შესაძლებლობას გაუზრდის.
„ჩემი ინიციატივა ქართველებს შორის, სწორედ აქედან წარმოიშვა. მაგ, ის, რომ „ფენტალინზე“ „ნალოქსონი“ (ე.წ ნარკანი) კარგად მოქმედებს და ამით შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა. შესაბამისად, ინიციატივა ამ იდეის კამპანიად ქცევას ემსახურება. 
მოგეხსენებათ, სოციალური ქსელის ეპოქაში, ყველაზე სწრაფი გავრცელების საშუალება სწორედ სოცმედიაა და ამიტომ, ყველა დიდ ჯგუფში, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს, ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელე, მინდა გითხრათ, რომ ბევრი გამზიარებელი გამომიჩნდა, ასევე იდეით დაინტერესებული. 
 
 
  • იდეის პრინციპი და ალტერნატიული სერვისები

როგორც გოგია გვეუბნება, ინიციატივის არსი რამდენიმე საკითხს მოიცავს. მისი თქმით, ნიუ-იორკის შტატში არსებობს 15 „ნალოქსონის“ უფასოდ გამცემი ცენტრი, რის შესახებაც ქართველმა მიგრანტებმა შესაძლოა ინფორმაცია არ იციან ან მეორე, იციან და რიგი მიზეზების გამო, ხელმისაწვდომობა არ აქვთ. 

„ზოგადად, „ნალოქსონი“ აქ ყველა აფთიაქში იყიდება, ჩვენგან განსხვავებით საინიექციო ფორმა არ არის, ინჰალატორია, ერთ ფლაკონში 2 დოზაა და 42 დოლარი ღირს. 

ის ნარკომომხმარებელი მიგრანტები კი, ვინც ძირითადად ახალჩასულები არიან, 42$-ს ალბათ არ გაიმეტებენ. სწორედ ამიტომ დავწერე პოსტი, რომ ქალაქ ნიუ-იორკში 15 ცენტრია, სადაც უბრალოდ უნდა მივიდნენ, ან ტელეფონით დაუკავშირდნენ და პრეპარატი უფასოდ, ადგილზე მიიღონ. 

პრობლემა არის ისიც, რომ ბევრმა ენა არ იცის საიმისოდ, რომ ამ ცენტრებს ეკომუნიკაციონ ან სულაც მოძებნონ ინფორმაცია, რომელ ქალაქში/უბანში, რა მდებარეობაზე შეიძლება მომსახურება მიიღონ.

ერთია, რომ ამ ინიციატივის მიზანი ინფორმაციის გავრცელებაა და მეორე, ეს ადამიანები როგორმე არსებულ ზიანის შემცირების პროგრამებში ჩავსვათ. იქნება ეს სტერილური შპრიცების პროგრამა, ჩანაცვლებითი თერაპიის თუ  მხოლოდ ზედოზირების პრევენციის პროგრამები“, - ამბობს მაკა გოგია.

რაც შეეხება ნიუ-იორკში არსებულ, ალტერნატიულ სერვისებს, გოგიას ცნობით, არსებობს მობილური აპარატებიც, რომელიც ზედოზირებაზე მიმართული ზიანის შემცირების სხვადასხვა პაკეტებს მოიცავს.

„გარკვეულ ლოკაციებზე „ნალოქსონის“ და ზოდიზირების სრული მაკეტის შემცველი ყუთები აქვთ დამაგრებული, რომელსაც მუდმივად ამარაგებენ. ასევე მიდის როგორც მეტროში, ავტობუსებში, ონლაინ პლატფორმებზე მუდმივად გხვდება რეკლამები ზედოზირების რისკების შესახებ, ასევე „ნალოქსონზე.“ მინდა აღვნიშნო, რომ კარგად მუშაობს  ნარკოტესტირების, ე.წ Drug Checking-ის პროგრამები და სერვისები. 

ეს გულისხმობს თვითონ ნივთიერების დატესტვას, დავუშვათ შეიცავს თუ არა ფენტანილს, „ზალაზინს ან სხვა ნივთიერებებს. არის ისეთი შემთხვევები, როცა სტიმულატორებში ოპიოიდებია შერეული, რაც ასევე მძიმე შედეგებს იძლევა. ამდენად, ეს სერვისი ნარკოტიკის სისუფთავის ხარისხს ამოწმებს. 

ეს ხდება ზიანის შემცირების პროგრამებშიც, თუმცა არსებობს სპეციალური სამსახურები, რომელიც ლაბორატორიულად აღჭურვილია და ნარკოსცენის შესახებ, რუტინულად ძალიან კარგ ინფორმაციას ფლობენ. ზიანის შემცირების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აგროვებენ მოხმარებულ, საინიექციო აღჭურვილობას, იქნება ეს კოვზი, შპრიცი თუ ფილტრი.

ანუ, ერთ-ერთი მეთოდია, როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელი თავად მიდის ზიანის შემცირების ცენტრში და თავისი ნარკოტიკის მინიმალური ოდენობა შესამოწმებლად მიაქვს, 15 წუთში კი შემცველობას ეუბნებიან.

მეორე ვარიანტში ზიანის შემცირების ცენტრი უსაფრთხო საინიექციო ოთახებში, შპრიცებსა და ჭურჭელს აგროვებს და შემდეგ ტარდება ამ მასალის ტესტირება. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მუდმივად შეგროვდეს ინფორმაცია ნარკობაზარზე არსებული სუბსტანციების შესახებ.

გარდა ამისა, ზოგადად, შტატებში ნარკოტიკი ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო როცა ქართველი მომხმარებელი აქ ჩამოდის, რომელიც ასეთ ხელმისაწვდომობას შეჩვეული არაა, უცებ სხვა მოცემულობაში ჩნდება და შესაბამისად, შედეგიც მძიმეა“,  - ამბობს გოგია.

სწორედ ამ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, როგორც თავად გოგიამ გვითხრა, ნიუ-იორკში შტატების ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ზიანის შემცირების პროგრამის წარმომადგენლობას, მოცემული რთული ვითარება გააცნო, უკუკავშირი კი მზაობის სახით უკვე შედგა:

„ამავე პროგრამის ფარგლებში ნარკოტესტირების კუთხით ვმუშაობდი, თუმცა ჩემი ინიციატივა ამ პროფილს არ უკავშირდებოდა და წმინდად ჩემი ინიციატივა იყო. 

სწორედ მათ ვთხოვე, თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა ქართველი, აქტიური ნარკომომხმარებლების „აუთრიჩ“ მუშაკებად დასაქმების კუთხით. ასეთ პირებს კარგი სოციალური კონტაქტები აქვთ ნარკომომხმარებელთა წრეში, მათ ენდობიან, მოუსმენენ და მათგან მიტანილი სტერილური მასალებითაც დაინტერესდებიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცენტრებს აქვთ სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე სკრინინგის და პროგრამებში უფასოდ ჩართვის საშუალება. 

 

დასაქმებაში იგულისხმება დავუშვათ, იგივე „ნალოქსონისა“ და შპრიცების დარიგება, ნარკოტესტირებაზე, ბე და ცე ჰეპატიტების კონფირმაციულ დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე ან ვაქცინაციაზე მოყვანა და ა.შ. ზიანის შემცირების პროგრამები და სერვისების სპექტრი, აქ საკმაოდ ფართოა. 

„გვჭირდებოდა ქართულ ენაზე მოლაპარაკე მომხმარებლები და ეს პროგრამა, ჩემი თხოვნის შედეგად მზად იყო ამ ადამიანების დასაქმებაზე. დამატებითი ბონუსად კი შევთავაზე, რომ ქართველების უმეტესობა რუსულადაც საუბრობს და შესაბამისად, მათ შეუძლიათ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების ამ პროცესში ჩართვა. ეს ადამიანები ძირითადად ბრუკლინში ცხოვრობენ.
ეს კი კარგი იქნებოდა ჩვენი რეგიონის, 14-ვე ქვეყნის წარმომადგენლებთან, ქართველების მეშვეობით გასვლისა და მათი დასაქმებისთვის. პროგრამის ხელმძღვანელობის მხრიდან მზაობის შედეგად, ქართველები გამომეხმაურნენ და შედგა შეხვედრა. 7 ქართველიდან, რომელმაც მზაობა გამოხატა, მხოლოდ 4 მოვიდა, თუმცა პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ მათ სამუშაო ვიზა არ გააჩნიათ. 
თუმცა, რადგან ლეგალურად ცხოვრებაზე მათი დოკუმენტები ამჟამად შემუშავების პროცესშია, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ეს ადამიანები პრობლემას ყველაზე კარგად იცნობენ და მზაობა აქვთ, თემის წარმომადგენლებს სოლიდარული განწყობა აჩვენონ, შემდეგ კი დასაქმებაში დაეხმარონ“, - აღნიშნა მაკა გოგიამ.
ამასთან, მისი თქმით, თავად პროგრამის წარმომადგენლებისთვისაც მნიშვნელოვანია ამ თემთან ახლო კოორდინაცია და სანდრო პირებთან მუშაობა. როგორც გოგიამ აღნიშნა, 18 სექტემბერს, ამ საკითხებზე, მომდევნო გაფართოებული შეხვედრა იგეგმება.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანებს ხელფასს ამერიკის მთავრობა გადაუხდის, ანუ, ერთგვარი სახელმწიფო სამსახური გამოდის. ცხადია, ისინი ამ სამსახურით ვერ გამდიდრდებიან, მაგრამ ექნებათ სხვა ტიპის „ბენეფიტებიც“.
მაგალითად ისეთები, როგორიცაა: სამგზავრო და სატელეფონო ბარათები; დაზღვევა, უფასო კვება და ა.შ. გარდა ამისა, შემდეგში მათი ქვეყანაში ფეხის მოკიდებისთვისაც ეს ძალიან კარგია, რადგან იქ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა, ძალიან აქტუალური საკითხია“. - გვითხრა მაკა გოგიამ.
 
  • პარალელები საქართველოსთან
 
შტატების პრაქტიკის პარალელურად, მაკა გოგიას ვკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მსგავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაზედაც მან ასე გვიპასუხა:
„უკვე 14 წელი ხდება, რაც საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორად ვმუშაობ, რაც „შპრიცების დარიგების პროგრამას“ გულისხმობს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გამო, გარდა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა („მანდალა“), რომელიც ნარკოტესტირებას ახდენს, სხვა მსგავსი სერვისი არ არსებობს, რაც ძალიან ცოტაა. 
მით უფრო, რომ ჩვენთან ნარკოტიკების შემოდინება სხვადასხვა წყაროებიდან, ტურისტებით, საკმაოდ მასშტაბურია. საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა ამ საკითხზე ვიმუშაოთ, მეტი უნდა გაკეთდეს ზედოზირებისა და „ნალოქსონის“ საკითხის აქტუალიზაციის, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
თვითონ ნარკოტიკის ხარისხის გაგება, საკონტროლო შესყიდვები, როგორც ამას შტატებში აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც გითხარით, არსებობს, დამოუკიდებელი ლაბორატორიების ქსელი, რომლის ერთ-ერთი მიზანიც, სწორედ ამ ნივთიერებების კვლევაა.
ისინი დილერებისგან საკონტროლო შესყიდვებს ახდენენ, რომ იცოდნენ ნარკობაზარზე რა ხდება, თანამშრომლობენ პოლიციასთან ან მესამე ვარიანტში ზიანის შემცირების პროგრამებისგან ინფორმაციას აგროვებენ.
ჩვენთან კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასეთი მოდელის დანერგვა, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, ჯერ კიდევ დასჯადია, შეუძლებელია“. - აღნიშნა მაკა გოგიამ. 
 
ავტორი: სალომე სარიშვილი

ასოციაცია

ასოციაცია "ქსენონი"...

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირების დროს? - გაეცანით საინფორმაციო მასალებს

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირებ...

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...

თვით ტესტის საიტი განახლდა

თვით ტესტის საიტი განახლდა...

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავლობაში - REACT

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავ...

 უსაფრთხო ინექცია

უსაფრთხო ინექცია...

განცხადება!

განცხადება!...

REAct -ის 2021 წლის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის ანგარიში...

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთადონი

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთა...